უძველესი იმპერია, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ფსიქოაქტიურ ლუდს ხარშავდა

ახალი კვლევების მიხედვით, უძველესი სამხრეთამერიკული უარის ცივილიზაცია ლუდის მსგავს სასმელში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იყენებდა, რათა სოციალური სიმტკიცე შეენარჩუნებინათ და გარშემო არსებულ საზოგადოებებთან ახალი კავშირები დაემყარებინათ.

უარის ცივილიზაცია ანდებში ახ.წ. 500-1000 წლებში ყვაოდა. ახალი კვლევები კვილკაპამპაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე წარმოიშვა. გათხრებმა გამოავლინა, რომ უარი დიდი რაოდენობით ლუდის მსგავს სასმელს, ჩიჩას აწარმოებდა. ეს ალკოჰოლური სასმელი ამ რეგიონის უძველესი ცივილიზაციების კულტურის ჩვეულებრივი ნაწილი იყო. მაგრამ მასში ჰალუცინოგენური ნივთიერებების დამატების ფაქტი მეცნიერებისთვის აღმოჩენად იქცა.

ჩიჩა მცენარეული სასმელია. ამ მცენარეებს შორის აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკული ხის, ვილკას (Anadenanthera peregrina, Willka) თესლიც. ცნობილია, რომ ეს მარცვლები ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ბუფოტენინს შეიცავენ.

ვილკას ტრადიციულად ეწევიან ან ფხვნილის სახით იყნოსავენ. მაგრამ კვილკაპამპაში თამბაქოს არანაირი მოსაწევი ან შესასუნთქი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის. ისინი აღმოჩენილ იქნა ისეთ ადგილებში, სადაც ჩიჩას მოხარშვის კვალი აღინიშნება.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება ამ შემთხვევაში განსხვავდება სხვა კულტურებში არსებული პრაქტიკისგან. უმეტეს შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას რიტუალური ხასიათი ჰქონდა და სულიერ პრაქტიკასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ უარი ჰალუცინოგენურ ლუდს მსხვილი საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს იყენებდა. სავარაუდოდ, ვილკას გამოყენება უარის ელიტის პრივილეგია იყო. ეს მცენარე დასახლებული ადგილებიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით ხარობს. ამიტომ ის რთულად ხელმისაწვდომი იყო.

ელიტა თავისი მაღალი სტატუსის აღსანიშნავად იყენებდა ასეთ სასმელს ნადიმების დროს. ის ასტიმულირებს კომუნიკაციას. ასეთ ნადიმებს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივები ჰქონდათ. ეს იყო კოლექტიური ფსიქოტროპული წვეულებები, სადაც უარი ახალ მოკავშირეებს იძენდა და ძლიერი ემოციური განცდები სტუმრებს უარის მოვალეებად აგრძნობინებდნენ თავს.

ნადიმის სტუმრები მასპინძლების წინაშე ვალში აღმოჩნდებოდნენ, რომლებმაც მათ საჭმლით და სასმელით უმასპინძლეს. ასეთი სასმელით გამასპინძლების საშუალება კი ყველას არ ჰქონდა. ამგვარად, სტუმრები ვალდებულები ხდებოდნენ რაიმე ფორმით მადლობა გადაეხადათ მასპინძლებისთვის. ეს კი უარის რეალურ ძალაუფლებას აძლევდა.

წვეულებების და ფუფუნების გამოყენება ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელთა წყალობით ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს წინაშე დავალებული რჩებოდა – ასეთ დროს კი რეალური ძალაუფლება იქმნებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*