შვეიცარიაში უკანასკნელი რომაული გლადიატორების არენა აღმოაჩინეს

ის იმპერიის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობდა.

არქეოლოგებმა შვეიცარიაში რომაული პერიოდის ნანგრევები აღმოაჩინეს. ისინი თვლიან, რომ ეს ყველაზე ახალგაზრდა არენაა, სადაც გლადიატორთა ბრძოლები იმართებოდა.

ოვალური ამფითეატრი მიყრუებულ რომაულ ქვის სამტეხლოში იყო აგებული, რომელიც გვიანდელ პერიოდამდე გამოიყენებოდა. ასაკის დადგენა აღმოჩენილი მონეტების საშუალებით მოხერხდა, რომლებიც ახ.წ. 337-341 წლებით თარიღდება. ე.ი. ნაგებობა ახ.წ. IV საუკუნით თარიღდება. ის ყველაზე ახალგაზრდა არენაა რომის იმპერიაში. ამფითეატრის სამშენებლო მასალის – ქვის ბლოკების და ცემენტის შემადგენლობაც IV საუკუნეს განეკუთვნება.

ამფითეატრი კაიზერაუგსტეში აღმოაჩინეს. ამ მუნიციპალიტეტს სახელი ძველი რომაული ქალაქის, ავგუსტუს რაურიკის პატივსაცემად დაერქვა. ის თანამედროვე შვეიცარიის და საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს. ამ ქალაქში ეს ამ ტიპის მესამე ნაგებობაა.

50 მეტრი სიგრძის და 40 მეტრი სიგანის ნაგებობა კარიერის ხეობაში მდებარეობს. აქვეა გვიან რომაული ფორტი, რომელიც 300 წელს ააგეს რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვართან.

არქეოლოგების ჯგუფმა ამფითეატრის სამხრეთით დიდი კარიბჭე აღმოაჩინა. გვერდებიდან ორი შესასვლელი იყო, დასავლეთით აღმოჩნდა ქვიშაქვის ბლოკები. არენის შიდა კედლები შელესილი იყო. აღმოჩნდა ხის ტრიბუნების საყრდენების კვალიც.

ყველა მტკიცებულება – ოვალური ფორმა, შესასვლელები, საყრდენების განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ ეს გლადიატორების ამფითეატრი იყო.

ძველი რომაული ამფითეატრების აღმოჩენა იშვიათი შემთხვევა არ არის. 2021 წლის გაზაფხულზე თურქეთში, პროვინცია აიდინში აღმოაჩინეს არენა, სადაც 20 000 მაყურებელი ეტეოდა. თუმცა, შვეიცარიაში და თურქეთში ახლად აღმოჩენილი ამფითეატრები გრანდიოზულ კოლიზეუმთან შედარებით ძალიან პატარებია.

რომაული არქიტექტურის შედევრი, კოლიზეუმი, 70 წელს ააგეს, იტევდა 50 000 მაყურებელს და ცენტრალური არენის ზომა კი სიგრძეში 87 მეტრი, ხოლო სიგანეში 55 მეტრია. ეს შვეიცარიაში აღმოჩენილ ერთად აღებულ ყველა არენაზე მეტია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*